მთავრობის მიერ აქამდე შემოთავაზებული განვითარების მოდელები, ანუ არსებული ბიზნესების შემდგომი განვითარება, ერთადერთი გამოსავალია, რადგან ამით სამუშაო ადგილები შეიქმნება, მაგრამ უმუშევრობის და სიღარიბის დონის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, -
„მთავრობის ხედვა აუცილებლად ორ მხარეს უნდა გაიყოს. 4-პუნქტიანი გეგმა არსებული ბიზნესების შემდგომი მხარდაჭერას ემსახურება, მაგრამ მათ მეორე მიმართულებითაც აუცილებლად უნდა მოიხედონ. ინიციატივის საშუალება უნდა მიეცეს ადამიანს, რომელიც დაუსაქმებელია, ან თვითდასაქმებულია და დაბალი შემოსავალი აქვს, თორემ ამის გარეშე სულ ერთ სიტუაციაში ვიტრიალებთ“, - განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, ჩვენ ინსტრუმენტის არსებობის პრობლემა გვაქვს და არა ფულის.
„ჩვენ ინსტრუმენტის არსებობის პრობლემა გვაქვს და არა ფულის. ბანკსა და თვითდასაქმებულ ადამიანს შორის ძალიან დიდი მანძილია. ასეთი ადამიანი ბანკამდე ვერ მიდის და ჩვენ ამისთვის საჭირო ინსტრუმენტი არ გვაქვს. ამ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება ის იყო, რომ მათ ქვეყანაში პირველად, ამ ინსტრუმენტების აპრობირება დაიწყეს, რისთვისაც ჩემი სიმპატია დაიმსახურეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური გარემოს სტაბილიზაცია ბანკების ინტერესებშიც შედის და სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ისინი სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიუდგნენ.
„პირველ რიგში, ეს ლარის სტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯია. მე მსჯელობას ვესწრებოდი და დღეს ამაზე უკეთეს რეცეპტს ვერ ვხედავ. ეს არ არის არჩევანი, რომელიც კარგი მდგომარეობითაა გამოწვეული, მაგრამ ეს ის მდგომარეობაა, რაშიც ჩვენ ვართ. მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების მიერ 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აღებული იპოთეკური სესხების კონვერტაციის შედეგად წარმოქმნილ განსხვავებას მთავრობა დაფარავს, თორემ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და მიზანშეწონილობაზე ლაპარაკი არ არის. საერთოდ, ეს მთავრობა ასეთი ნაბიჯებით გამოირჩევა, როცა მოსახლეობის ტვირთს თავის თავზე იღებს. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სხვა გამოსავალი არ არის“, - განაცხადა რომან კაკულიამ.