ესპანეთის პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიტჩე ველე" ავრცელებს.
მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლება ბარაკალდოში.
საქართველოს მოქალაქეებს ასობით ბინის ძარცვაში ადანაშაულებენ. დაკავებულია ასევე ესპანეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებს მოპარული ძვირფასეულობების გაყიდვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულებს ძარცვის გამო შესაძლოა, ბრალი წაუყენონ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრების მუხლით.
ამას გარდა, ზოგიერთ მათგანს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკის შენახვისთვის, ასევე საბუთების გაყალბებისთვის.
როგორც "დოიტჩე ველე" წერს, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეზე. ესპანეთის პოლიცია მას ე.წ კანონიერ ქურდად მიიჩნევს და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად განიხილავს. ესპანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის იტალიაში იმყოფება.
ესპანეთის პოლიციაში აცახდებენ, რომ ესპანეთის შსს-ს წამომადგენლები უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავლენ კოლეგებთან მომდევნო ნაბიჯების კოორდინაციისთვის.