ვიზალიბერალიზაციის მიღებას საქართველო უახლოეს მომავალში ელოდება

ვიზალიბერალიზაციის მიღებას საქართველო უახლოეს მომავალში ელოდება

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიღებას საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდებიან, თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

სოფო ქაცარავა "პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ  საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა და ახლა მოლოდინის პროცესშია.

"ასევე, დღეს ევროკომისიამ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე. ამით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა სულ სხვა ეტაპზე გადადის. ანგარიშში კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის მოდელი, ასე, რომ ეს არის ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში.  რთულია რაიმე კონკრეტული თარიღის თქმა, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და ველოდებით როდის გადაწყდება ეს პროცესი დადებითად" ,-  უთხრა "პირველს" სოფო ქაცარავამ.

ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა. გამოქვეყნებული ანგარიში ეყრდნობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და განსაკუთრებით უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს როლს რეგიონში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში“.

ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის განხილვა პირველი მოსმენით 18 იანვარს არის დაგეგმილი. შესაბამისად, გადაიწია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხმაც, რადგან სწორედ შეჩერების მექანიზმის მიღებაზეა დამოკიდებული აღნიშნული პროცესი.

ევროკომისიამ, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა. ასევე, ევროპარლამენტის კომიტეტებმა დადებითი დასკვნა გასცეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე.

ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირის საბჭო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში - რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.