საქმის ახალი მოწმეების ჩვენებებში მითითებული და დასახელებულია მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ საქმით, მათ შორის იმჟამინდელი გენერალური პროკურორი, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ, - ამის შესახებ პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა ექსპერტიზის დასკვნებიც, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებები, რომლებიც წინა განაჩენების დროს არც პროკურორმა და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
“მტკიცებულებები ფაქტობრივად ასაბუთებს მსჯავრდებულ პირთა უდანაშაულობას. რა თქმა უნდა, მოცემული სურათის ფონზე პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებდა მოემართა სააპელაციო სასამართლოსთვის შუამდგომლობით ახლად აღმოცენებული გარემოებების განაჩენის გადასინჯვის გამო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ინტენსიურად მიდის მუშაობა. თუ რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალეულობა გამოიკვეთება და შეიკრიბება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნება დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, სხვა მტკიცებულებების მოპოვებასთან ერთად აუცილებლად დადგება სხვა პირების სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი.
„რაც შეეხება, ვინ მოკლა ლომინაძე, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხზე, ტარდება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედებები. დიდი დროა გასული ამ ფაქტიდან და გაჭირდება მალე გახსნა, მაგრამ რაც შესაძლებელია ყველა პროცედურა ჩატარდება, გამოძიების ინტერესებიდან სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ლომინაძის ოჯახს, მე მქონდა შეხვედრა ლომინაძის მამასთან, მე გავაცანი მას ის დადგენილება და მტკიცებულებები, რაც მოიპოვა უკვე გამოძიებამ, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულების უდანაშაულობას”, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება.