ავიაკატასტროფა კოლუმბიაში:   ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 76 და გადარჩა ხუთი ადამიანი

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში: ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 76 და გადარჩა ხუთი ადამიანი

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 76  ადამიანი. კოლუმბიის პოლიციის განცხადებით, გადარჩენილია ხუთი ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამძებრო სამუშაოები ძლიერი წვიმისა და რთული რელიეფის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟს ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს. მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები.

უკვე დადასტურდა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი “შაპეკოენსეს” ფეხბურთელი ალან რუშელია. ტელეკომოანია "ტელემუნდოს" ინფორმაციით, რუშელი შოკშია, თუმცა გონზეა და ლაპარაკობს.

ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არიან კიდევ ორი ფეხბურთელი  - ჯექსონ ფოლმანი და დანილო, ასევე საფეხბურთო კლუბის ფსიქოთერაპევტი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეხუთე გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტია.

ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.

თვითმფრინავი ანტიოკიის პროვინციის ქალაქ ლა-უნიონის მახლობლად, მთიან რაიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს აღნიშნულ რეგიონში ქარი და წვიმა იყო.

ქალაქ მადელინის აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკატასტროფამდე ეკიპაჟმა სადისპეტჩერო სამსახურს ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შეატყობინა. თვითმფრინავი საგანგებო დაშვებას გეგმავდა.