ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად შეფასებითი მიდგომებია. რექტორის განცხადებით, საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ უმაღლეს სასწავლებელს, არამედ აქ არის საუბარი უფრო დიდ რეფორმასა და ჯგუფებზე.
„რამდენიმე ჯგუფთან ძალიან სერიოზული პრობლემები განვიხილეთ. პრინციპში, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. საუბარი მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელზე არ არის. არის უფრო დიდ რეფორმაზე და ჯგუფებზე საუბარი. შესაძლებელია ცვლილებების გატანა მოხდეს საგაზაფხულო სესიაზეც“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები და საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.