ჩვენ გვგონია, პოზიტიური ცვლილებები იქნება იმ კუთხით, რომ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ამის შესახებ თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის ნებისიერ ადამიანთან მზად არიან. "ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა, ჩვენს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო წესს ეხებოდა და ჩვენს მიერ დასახული ის კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. ეს იქნება სტუდენტებზე მეტად ორიენტირებული, განათლებასა და პრაქტიკაზე მეტად ორიენტირებული თვითმმართველობა, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის უნივერსიტეტში, რომ ჩვენ გვქონდეს კარგი სტუდენტური ცხოვრება. ეს იყო ჩვენი პოზიცია, რომელზეც დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შეხვედრაზე. შემდგომ ამისა, ჩვენ გვგონია, რომ პოზიტიური ცვლილებები იქნება იმ კუთხით, რომ ჩვენ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელებთ კიდევ ერთხელ, რომელი მიმართულებით წასვლა იქნება სტუდენტებისთვის უფრო კარგი. ეს იყო პირველი, მოთელვითი სამუშაო შეხვედრა, ვნახოთ ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები",- განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
ამ წუთებში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შეხვედრას "აუდიტორია 115"-ის წევრები მართავენ.