ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილებებით საქართველო თავად აღიარებს, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ფსოუსთან და როკთან, საზღვარი არ არის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
როგორც უმცირესობის ლიდერი განმარტავს, მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას უმარტივებს და არანაირად არ უწყობს ხელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ქართულ სივრცეში ინტეგრირებას.
ბაქრაძის აზრით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები ორ სერიოზულ ხარვეზს შეიცავს, რომელიც წინააღმდეგობაშია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და მას “ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს.
“ჩვენ სერიოზულად ვიფიქრებდით ისეთი ცვლილების მხარდაჭერაზე, რომელიც მიმართული იქნებოდა ენგურზე არსებული რეჟიმის გამარტივებისკენ, რომ ქართველებსა და აფხაზებს მეტი კონტაქტი ჰქონოდათ. ცვლილება, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შემოიტანა, მიმართულია იქეთკენ, რომ გაამარტივოს ე.წ. რუსულ-აფხაზური საზღვრის გადმოკვეთა. როცა შენ ე.წ. რუსულ-აფხაზური საზღვრის გადმოკვეთას ამარტივებ და ამაზე პასუხისმგებლობას ამსუბუქებ, ამოცანა რა არის, რომ რუსეთიდან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკანონო შემოსვლა გავამარტივოთ?! თავის დროზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიქნებით არც ერთი ისეთი ცვლილების წინააღმდეგი, რომელიც ქართველების, აფხაზების და ოსების ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. წარმოდგენილ კანონპროექტს აქვს ორი სერიოზული დეფექტი - პირველი დეფექტი არის ის, რომ როგორც უკვე ვთქვი, რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას ამარტივებს, რაც არის ანექსიის ხელშემწყობი და არანაირად არ უწყობს ხელს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილებებით ჩვენ ვიღებთ ორი სხვადასხვა ტიპის საზღვარს - ანუ თუკი შენ უკანონოდ რუსეთიდან საქართველოში აფხაზეთის მონაკვეთზე შემოხვალ, მხოლოდ ჯარიმა დაგეკისრება, ხოლო თუკი უკანონოდ რუსეთიდან საქართველოში ყაზბეგის მონაკვეთზე შემოხვალ - წახვალ ციხეში. ამიტომ არ ვუჭერთ ჩვენ წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, სადღეისოდ მოქმედი კანონი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს და საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, გამონაკლისის სახით, იმ ადამიანებს, რომელთაც კანონი აქვთ დარღვეული, საქართველოში შემოსვლის ნება დართოს.
ბაქრაძის ინფორმაციით, “ოკუპირებული ტერიტრიერიბის შესახებ“ კანონის მიღებისას, ევროპელ პარტნიორებთან არაერთი კონსულტაცია გაიმართა და სწორედ მათი თხოვნა იყო გამონაკლისის დაშვება, რაც მოქმედებს კიდეც. როგორც ბაქრაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, “საქართველოსთვის არავის მოუთხოვია, პატივი არ სცეს საკუთარ კანონს და არ მიიღოს ზომები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“.
“გამონაკლისის დაშვება ყოველთვის შეიძლება და ამიტომ კანონში არსებობს ეს დისკრეცია, მაგრამ ამან ისეთი სახე არ უნდა მიიღოს, რომ იმ ხალხს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში მონაწილეობენ, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულარულად დადის და მხარს უჭერს იქ არსებულ რეჟიმებს, შემდეგ ჩვეულებრივად თბილისში ვიღებდეთ - ვითომც არაფერი მომხდარა. ეს ჩვენი საკითხია და თუ შენთვის არაფერი მომხარა, არაფერი მოხდება არც ბრიუსელისთვის, არც სტრასბურგისთვის, არც ვაშინგტონისთვის. შენი ოკუპირებული ტერიტორიები შენ უნდა გაწუხებდეს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტში ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გაგრძელდება. კერძოდ, თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მიზანშეწონილად მიიჩნია ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის ამოქმედებას ითვალისწინებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადდა ცვლილებები “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში და მასთან ერთად, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მე-8 მოწვევის პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს. საკანონმდებლო პაკეტს კენჭი 2013 წლის მაისში უყარეს და ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა.
აღნიშნული ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა.
გარდა ამისა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ. კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.