ვანო ზარდიაშვილი:  ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?!

ვანო ზარდიაშვილი: ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?!

ეს არის სრული აბსურდის თეატრი - ასე გამოეხმაურა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ვანო ზარდიაშვილი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს.

”ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?! წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკავშირებს იმ ხალხთან და საერთოდ „რუსთავი2“-ის განმხილველ მოსამართლეებთან, რომლებსაც საერთოდ არავის ვიცნობ, არც პირველი ინსტანციის, არც მეორე, არც მესამე ინსტანციის მოსამართლეებს ვიცნობ მე პირადად. ეს არის სრული აბსურდის თეატრი”, - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, რომელსაც ეკა ბესელიას პირველი მოადგილე ივანე ზარდიაშვილი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითებით, - ამის შესახებ ”რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამია მოსამართლეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ივანე ზარდიაშვილთან შეხვედრისგან, რადგანაც „აღნიშნული პირი არის ზონდერი, რომელიც თანამშრომლობდა როგორც წინა ,ასევე მოქმედ ხელისუფლებასთან“.

”3 დღის განმავლობაში სასამართლოზე იქნება უპრეცედენტო ზეწოლა და ამ ზეწოლის განმახორციელებლად არის არჩეული ახალი ადამიანი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალებების შემსრულებელი „ზონდერი“ - ივანე ზარდიაშვილი. დღეს ეს ადამიანი მოხვდა პარლამენტში და არის ეკა ბესელიას პირველი მოადგილე. ამ ადამიანის მეშვეობით ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და მას სამი დღე აქვს იმისთვის, რომ გარდამტეხი მოლაპარაკებები ”აწარმოოს” სასამართლო კორპუსთან. მივმართავს უზენაესი სასამართლოის მოსამართლეებს - მოერიდეთ ამ ადამიანთან კომუნიკაციას. ეს ადამიანი არის დამნაშავე. ის ახორციელებს დანაშაულებრივ ზეწოლას სასამართლოზე. ის აუცილებლად დაისჯება კანონის სიმკაცრით.

ამ ადამიანის მისამართით იყო პრეტენზიები წინა ხელისუფლების დროსაც, როცა ის იყო სასამართლოს მმართველი. ის ათავისუფლებდა მანდატურებს იმის გამო, რომ ისინი ”ქართული ოცნების” მიტინგებზე დადიოდნენ, ან ათავისუფლებდა მათ იმის გამო, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მიტინგებზე არ დადიოდნენ . ეს ადამიანი იყო წინა ხელისუფლების „ზონდერიც“ და არის ამ ხელისუფლების ზონდერიც.

მას პირადი კომუნიკაცია აქვს ბიძინა ივანიშვილთან და იღებს დავალებებს.

პირობას ვაძლევ ვანო ზარდიაშვილს თუ არ შეწყვეტს მსგავს ქმედებებს პასუხი მოეთხოვება. ყველა შეხვედრა ამ ადამიანის მოსამართლეებთან იქნება გადაღებული და ვეცდებით ჩანაწერებიც მოვიპოვოთ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.