ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი პრაქტიკაში საკმაოდ წარმატებით ამუშავდა

ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი პრაქტიკაში საკმაოდ წარმატებით ამუშავდა

ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო საბჭოს სხდომა, სადაც ირაკლი შოთაძემ წარმოადგინა წლევანდელი და განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ჩანდა, რომ საქართველოში დანაშაულის რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა გამოიკვეთა ის დანაშაულები, რომლებზეც ყველაზე ხშირად სისხლის სამართლებრივი დევნაა.

„თუკი სტატისტიკას ჩავხედავთ, ეს არის პირველ რიგში ქურდობა, შემდეგ ნარკოტიკული დანაშაული, 260-ე მუხლი, მესამე ადგილი უკავია ცემას და მეოთხე ადგილზეა ოჯახში ძალადობა. ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები ვნახეთ, რომ თუკი ორი წლის წინ ოჯახში ძალადობის მხოლოდ 58-მა მსხვერპლმა მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, წელს მიმართა 900-ზე მეტმა, თითქმის ათასმა ადამიანმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ქალს, მოხუცს, ბავშვს, მამაკაცს, ვინც შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, რადგან სრულებითაც არ არის ნორმალური, რომ ოჯახი იყოს ის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთზე ძალადობენ”, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამამართლებელ განაჩენთა პროცენტული მაჩვენებელი შარშანდელის მსგავსად 4 პროცენტია, მრავალი წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი იყო 0,3%.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველი წელია, როცა ბავშვთა შემთხვევაში, არასრულწლოვანთა შემთხვევაში უფრო მეტი განრიდება მოხდა, ვიდრე სისხლის სამართლებრივი დევნა. წელს ჩვენ ორჯერ მეტი არასრულწლოვანი გვყავს განრიდებული, ვიდრე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და გაზრდილია იუსტიციის სამინსიტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში მედიაციათა რიცხვიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ მიღებული ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი პრაქტიკაში საკმაოდ წარმატებით ამუშავდა”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომებს ომბუდსმენიც დაესწროს.

„ომბუდსმენი მოვიწვიოთ ჩვენს სხდომაზე და მოვისმინოთ მისი მოსაზრებები პროკურატურის მუშაობის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენი სურვილი იყო რომ ომბუდსმენი ყოფილიყო ამ საბჭოს წევრი, რაზეც მან უარი განაცხადა, ამიტომ გვინდა რომ ჩვენ მაინც გვქონდეს თანამშრომლობის ფორმატი”, - განაცხადა წულუკიანმა.