კიევში, ჩერნოვოლის ძეგლთან ასობით ადამიანი მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე შეიკრიბა. საპროტესტო აქციის ლოზუნგია “ამჟამინდელი რადას უკანასკნელი ზამთარი”. დემონსტრანტებს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ.
მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა. მან ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილმა ამ მოთხოვნით მთელ უკრაინაში ხალხის მობილიზების დაწყების შესახებ განაცხადა.
“დროა დავიბრუნოთ უკრაინა! დიდება უკრაინას”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“დადგა დრო გავარღვიოთ ეს წრე, ხმამაღლა ვუთხრათ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს, ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამიერიდან უკრაინელი ხალხის წინაშე იქნება მთავრობა ანგარიშვალდებული და არა ოლიგარქების წინაშე. ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, ვინ წარმოგვადგენს ჩვენ უმაღლეს რადაში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინელი ხალხი დაიღალა იმ ცუდი ამბებით, რაც ქვეყანში ყოველდღიურად ხდება.
“აწი ისინი უნდა ელოდონ ცუდ ამბებს. მათთთვის ცუდი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც მე უკრაინის პოლიტიკაში მოვედი”, - აღნიშნა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს წარუდგინა გეგმა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს. დაპირებებს შორისაა ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციას, სახელმწიფო აპარატის სრული წმენდა, ხელისუფლებაში მყოფი ქურდების დაპატიმრება, ბიზნესის და ხალხის გათავისუფლება, გადასახადების შემცირება, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმა, ეკონომიკის რადიკალური რეფორმა, სოციალური პოლიტიკის რეფორმირება.
“ჩვენ მთლიანად შევცვლით სახელმწიფოს მართვის კულტურას უკრაინაში”, -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიტინგის ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს დაურიგეს ბუკლეტები სახელწოდებებით “რადას 100 შეუსრულებელი დაპირება” და “ჩვენი მოთხოვნები”.