სირიაში 500 ათასამდე ბავშვი ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ UNICEF ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელიწადზე ნაკლებ დროში ბლოკადის პირობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა.
არსებული მონაცემებით, სირიის მასშტაბით 16 რაიონში მცხოვრები ბავშვები გარესამყაროს სრულად არიან მოწყვეტილი, არ იღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მოკლებულნი არიან პირველადი საჭიროების მომსახურებას - მათ შორის სამედიცინო მომსახურებასა და განათლებას.
„ბავშვები იღუპებიან და შავდებიან. ისინი ძალიან შეშინებულები არიან. იმისთვის, რომ იარონ სკოლაში ან ითამაშონ, მათ თავი გააქვთ საკვების დეფიციტისა და მედიკამენტების არარსებობის პირობებში“, - განმარტა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სირიული თემი ყველანაირ დახმარებას უკვე 2 წელია მოკლებულია. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციები ბავშვებს პირდაპირი მნიშვნელობით აიძულებს თავშესაფარი მიწის ქვეშ ეძებონ. ალეპოს ერთ-ერთ ალყაშემორტყმულ რაიონში მოხალისეებმა მიწისქვეშა საბავშვო მოედანი მოაწყვეს, რომელსაც ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი სტუმრობს, სხვა რაიონში კი მიწისქვეშა სკოლა მოქმედებს, სადაც განათლებას 250 ბავშვი იღებს.
UNICEF კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ბლოკადის მოხსნისკენ და ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ დაშვებისკენ მოუწოდებს.