კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო

კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო

ამერიკის შტატ კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო. Los Angeles Times აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, წერილში ისლამის მიმდევრები“სატანის შვილებად“ არიან მოხსენიებული, თავად წერილის ხელმომწერი კი არის ორგანიზაცია „ამერიკელები ნათელი მომავლისთვის“ .

„ქალაქში ახალი შერიფია - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ამერიკის გასუფთავებას გეგმავს და მიზნად ისახავს ქვეყანა კვლავ ბრწყინვალე გახადოს“, -ნათქვამია მუსლიმების წინააღმდეგ მიმართულ წერილში.

ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ჰუსამ აილუშის განმარტებით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის „უპასუხისმგებლო და აგრესიულმა“ რიტორიკამ მის მომხრეებში სიძულვილი და მრისხანება გააძლიერა.

„მე არ ვამტკიცებ, რომ ტრამპმა ადამიანები რასისტებად აქცია, უბრალოდ, მისი მმართველობის დროს ეს ნორმალური გახდება, ამიტომ მინდა, შევახსენო ახლად არჩეულ პირველ პირს, რომ ის ვალდებულია იყოს პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, - განაცხადა ჰუსამ აილუშიმ.