საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ მთავრობის ნდობის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
კალაძემ პარლამენტს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, მინდა მას მადლობა გადავუხადო. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოგვიცხადა ნდობა და მადლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, ვიყოთ ხალხის მსახურები. ჩვენ 4 წლით დაგვიქირავა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ და შესაბამისად, რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი და რაზეც ვსაუბრობდით, ეს არის თავისუფლება, კიდევ უფრო განტკიცდება. ეს ჩვენ ძალიან დიდი შრომის, ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ. ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ. არასდროს დაბრუნდება საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
„ის ეკონომიკური გეგმა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი, გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ, ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.