საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბიუჯეტის განხილვასა და საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
მისივე თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უახლოესი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
„უახლოეს დღეებში შემოვა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი. ჩვენ წლის ბოლომდე ბუნებრივია დავამტკიცებთ ამ დოკუმენტს. გარდა ამისა დავიწყებთ მუშაობას სამუშაო გეგმაზე. ორშაბათს უკვე განიხილება ბიუროს სხდომაზე პირველადი გეგმა, ის კანონპროექტები, რომლის განხილვა განახლდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები.
„საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე დაფუძნდება ფორმატი, რომლის საფუძველზე განიხილება თითოეული ცვლილება, რომელიც შეიძლება შევიდეს კონსტიტუციაში“, - განაცხადა კობახიძემ.