მონებს რომ ეძახდით მურუსიძეებს და ცერცვაძეებს, ეს მონები როგორ გახდნენ ერთ დღეში დამოუკიდებელი მოსამართლეები? - ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის” წევრმა ოთარ კახიძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.
კახიძემ საკუთარ გამოსვლაში სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია არ გააჩნია.
”სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი წინის წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ თქვენგან განსხვავებით არ ვერიდებით პრობლემებისთვის თვალის გასწორებას. სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო არც წინა, არც იმის წინა ხელისუფლების დროს და არც კომუნისტური რეჟიმის დროს. ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, მაგრამ მონებს, რომ ეძახდით მურუსიძეებს და ცერცვაძეებს, ეს მონები როგორ გახდნენ ერთ დღეში დამოუკიდებელი მოსამართლეები და როგორ მოუწოდებთ საზოგადოებას, რომ დღეს ახლა ნდობა უნდა გამოვუცხადოთ მურუსიძეების მიღებულ გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა კახიძემ.
მისივე თქმი, ხელისუფლებას მოსამართლეებზე ზეწოლის არც ერთი ფაქტი, ისევე როგორც არც ერთი ჟურნალისტის მიმართ ზეწოლის ფაქტი არ გამოუძიებია.
”ამ ხელისუფლებამ წააგო ყველა საქმე, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირებას ეხებოდა. ინგლისისა და საფრანგეთის სასამართლოებმა გითხრათ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა. ინტერპოლმა გითხრათ უარი სააკაშვილის ძებნაზე და გააუქმა რამდენიმე მაღალჩინოსანზე ძებნა. არავის არ მოლანდებია პოლიტიკური დევნა. მათ დაკარგეს თქვენდამი ნდობა. ოთხოზორიას მკვლელზე ძებნა არ დაწყებულა 6 თვეა იმიტომ, რომ ნდობა გაქვთ დაკარგული”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.