თქვენ გგონიათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კომფორტია, თქვენთვის ყველაზე დიდი დარტყმა საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება

თქვენ გგონიათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კომფორტია, თქვენთვის ყველაზე დიდი დარტყმა საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება

თქვენ გგონიათ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კომფორტია, დამერწმუნეთ რომ თქვენთვის ყველაზე დიდი დარტყმა საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება - ასე მიმართა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ გიორგი კვირიკაშვილსა და სამთავრობო გუნდის წევრებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ელენე ხოშტარიას თქმით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და საპარლამენტო უმრავლესობას სურვილი აქვს, რომ გაექცეს რეალობას, თუმცა მათ ეს არ გამოუვა.

”სიმართლემ დისონანსი შემოიტანა იმ ფარსსა და სიყალბეში, რასაც ჩვენ 3 დღე ვუსმენდით, თითქოს ვინმეს ქონდეს ილუზია, რომ აქ უმრავლესობა აირჩევს მთავრობას...

ფარსია და სიყალბე, რომ თქვენ აქ საქებარ სიტყვებში ეჯიბრებით ერთმანეთს და აღარ იცით როგორ მოეფეროთ ერთმანეთს და ამ დროს ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს აღწევს. ეს არის ყოველი ცალკე აღებული ადამიანის რეალური პრობლემა..

თქვენ გინდათ, რომ გაექცეთ რეალობას მაგრამ ვერ გაექცევით”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს კონკრეტული საქმეებით პორტფელი მოუტანა, სადაც, მისი თქმით, მოქალაქეების პრობლემებია ასახული.

”ფარსია და სიყალბე, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის, საუბრობს აბსტრაქტულ ინსტიტუციურ რეფორმებზე და საერთოდ არ ახსენდება ”რუსთავი 2”, რომელიც მთავარი ფოკუსია ჩვენი მეგობრების და მთელი ქვეყნის წუხილია. ფარსია და სიყალბე, როდესაც თქვენ არც კი ახსენებთ კრიმინოგენურ ვითარებას, არ გახსენდებათ, რომ რამდენიმე თვის წინ ადამიანი დღისით მზისით ”კალაშნიკოვით” ჩაცხრილეს შუაგულ ვაკეში. არ გახსენდებათ ჯერ არ დასაფლავებული ტრანსგენდერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ სიძულვილის და განსხვავებულობის ნიადაგზე მოკლეს.ეს არის არაერთი დაჩაგრული ჯგუფი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს და თქვენ არ გახსენდებათ. იმიტომ რომ თქვენ მიმართავთ ბიძინას და არა საზოგადოებას. როდესაც ეს პრობლემები არსებობს არ შეიძლება სტატისტიკას ვაყალბებდეთ და ერთმანეთს საქებარ სიტყვებს ვეუბნებოდეთ. მე მოგიტანეთ ქვეყნის პატარა ნაწილიდან პატარა დროში დაგროვებული 50-ზე მეტი საქმე რეალური პრობლემები, რომელიც ვერც გაქრება და ვერც დაიმალება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოუხსენით დახმარება, ეს არის 13 ივნისს დაზარალებული ოჯახი რომელიც ცხოვრობს ხევში და ამათ ეუბნებით, რომ ისინი სტიქიის ზონაში არ არიან. აქ მცხოვრები ქალი ყოველი წვიმის დროს ალაგებს ჩანთას და გადის გზაზე და თქვენი ნარმანია, რომელიც ”ვირიშვილო მაიმუნს” ეძახის აქტივისტებს მათ ეუბნება, რომ თურმე ეს სტიქიის ზონა არ არის. თქვენ გგონიათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კომფორტია, დამერწმუნეთ რომ თქვენთვის ყველაზე დიდი დარტყმა საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.