დიასპორასთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია დიასპორაში არსებული ინტელექტუალური, თუ საინვესტიციო რესურსის ჩართვა სამთავრობო პროგრამებში

დიასპორასთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია დიასპორაში არსებული ინტელექტუალური, თუ საინვესტიციო რესურსის ჩართვა სამთავრობო პროგრამებში

დიასპორისა და სამხრეთ კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და სამთავრობო გუნდს კომიტეტისგან სრული ნოდბა აქვს.

„ბატონო გიორგი, თქვენ და თქვენს გუნდს გაქვთ ჩვენი კომიტეტის სრული ნდობა. პირადად მე ჩვენი 20-წლიანი ურთიერთობა ნამდვილად მაძლევს იმის საბაბს, რომ განსაკუთრებული ნდობა გამოგიცხადოთ თქვენი გამოცდილებისა და ცოდნიდან გამომდინარე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, იმ ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, რაც თქვენ გაგაჩნიათ. დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი გუნდი კვლავაც იქნებით წარმატებული და ამას გისურვებთ გულწრფელად“,-მიმართა კვაჭანტირაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ზვიად კვაჭანტირაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროინტერგრაციის პროცესსა და დიასპორის წარმომადგენელთა შესაძლებობებზე ისაუბრა.

„ჩვენ ხმამაღლა გამოვაცხადეთ, რომ ქართულ დიასპორასთან ურთიერთოების გაღრმავება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. მისასალმებელია, რომ ამ სფერომ შეიძინა უფრო მაღალი სტატუსი დიასპორის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში ინტეგრირების გზით.

აღსანიშნავია, საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. თუმცა ამ ინტეგრაციის პროცესში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული ჩვენი დიასპორების პოტენციალი და ამ მიმართულებებით კონკრეტული და თანმიმდევრული ღონისძიებებია გასატარებელი. ასეთი პოტენციალი ნამდვილად გააჩნია ჩვენ დიასპორებს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ამოცანების გადაწყვეტას - მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციას, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებას - ალტერნატივა არ გააჩნია. ამ მიმართულებით ხალხთა შორისი დიპლომატია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისათვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი ჰუმანიტარული მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქართული დიასპორის შესაძლებლობები არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისთვის.

რეგიონული უსაფრთხოების ჭრილშიც ქართული დიასპორის როლი ურთიერთგადაჯაჭვულია სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებთან და მეგობრული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებასთან. განსაკუთრებულად ყურადღება უნდა მივაქციოთ ქართული დიასპორების ჩართულობას უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კავკასიის ხალხების დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის განმტკიცებას, კავკასიელი და ქართველი ხალხების ისტორიული კავშირების და მეგობრობის გაღრმავებას.

სახელმწიფოთა შორის ორმხრივი ურთიერთოებების დროს დიალოგის დღის წესრიგში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ქართული დიასპორების თემა, მათი სასიცოცხლო ინტერესების დაცვის აუცილობლობის თემა, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური შრომითი მიგრანტების უფლებების განუხრელი დაცვის თემა. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. ჩვენი კომიტეტი მზადაა ამ მიმართულებით მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

საქართველოს კულტურის, ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის დღემდე არაერთი ღონისძიება განხორციელებულა, მათ შორის ჩვენი კომიტეტის მხარდაჭერით და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვმართებს თანამშრომლობის გააქტიურება და ერთობლივი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.

დიასპორასთან ურთიერთობაში საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის გარდა უმნიშვნელოვანესია დიასპორაში არსებული ინტელექტუალური თუ საინვესტიციო რესურსის ჩართვა სამთავრობო პროგრამებში. სწორედ ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისები, კონკრეტულად, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით მოხარულნი ვართ, რომ განხორციელდება პროგრამა „სამშობლო გელით“. ამ პოლიტიკას ასევე უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემადგენელი.

ჩვენი აზრით შესამუშავებელია სპეციალური ინსტრუუმენტები, რაც წაახალისებს ქართულ დიასპორას განახორციელონ ინვესტიციები მცირე და საშუალო ბიზნესებში, რაც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას. რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმ გაბედული ინიციატივების ფონზე, რის განხორციელებასაც თქვენ აპირებთ, ბატონო გიორგი, საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით, შევიმუშავოთ სპეციალური შეღავათები და ქართული დიასპორის ის წარმომადგენლები, რომლებიც განიზრახავენ ინვესტირებას საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში მთლიანად გავათავისუფლოთ მოგების გადასახადიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში. ასეთი გაბედული ღონისძიება, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოტივაციასაც შესძენდა ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, რომელთაც აქვთ სურვილი საკუთარი რესურსები, თუნდაც შედარებით მოკრძალებული, სამშობლოს კეთილდღეობას მოახმარონ. ეს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.

ჩვენ გვყავს დიასპორის ფანტასტიური წარმომადგენლები საზღვარგარეთ, თავისი საქმის ნამდვილი კორიფეები, მაგრამ საჭიროა ამ ადამიანების გამოყენება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და მათ ამის სურვილი აქვთ, როგორც ჩვენი ქვეყნის კეთილი ნების ელჩებს. ყველა მათგანის ჩამოთვლა ამ ფორმატში შეუძლებელია, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო ისეთი სახელები როგორებიცაა: ლიანა ისაკაძე და ლიზა ბათიაშვილი, ნინო ხარატიშვილი და ენდრიუ კაკაბაძე, ნინო სურგულაძე და ირმა ნიორაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ელისო ბოლქვაძე, თამარ ივერი და ელისო ვირსალაძე, შალვა ხახანაშვილი და თემურ ბაბლუნაი, ელენე გლურჯაძე და ძალიან ბევრი წარმატებული და სახელმოხვეჭილი ქართველი, რომელთაც უდიდესი დაფასება და პატივისცემა გააჩნიათ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

ამას გარდა, მინდა ყურადღება გავამახვილო მიგრაციულ პროცესებზე, რომლებშიც დიასპორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს გლობალური და რეგიონალური მიგრაციული პროცესები. იზრდება იმიგრაციისა და ემიგრაციის გავლენა ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურა სფეროებზე. მიგრაციული პროცესები საქართველოდან და საქართველოსკენ რთული და მრავალფეროვანია და ამ პროცესების მართვაში ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული ქართული დიასპორა მისი მასშტაბების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად გახდა პრიორიტეტული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა საზღვარგარეთ და ამ მხრივ კონკრეტულად თქვენს მიერ დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილად მოწონებას იმსახურებს. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვარგარეთ გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ გადმოსვენებას სამშობლოში და ამ მხრივ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც უკვე გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, ნამდვილად ვაფასებთ.

მიუხედავად ამისა, არის დარჩენილი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ვერ მოხერხდება მთავრობის ერთი რომელიმე უწყების შიგნით და კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენთან ერთად იმუშაოს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებაზე ამ პრობლემების მოგვარების მიზნით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა დიასპორის გამოუყენებელ პოტენციალს.

გიცხადებთ მხარდაჭერას, თანადგომას და გისურვებთ სწრაფ და შთამბეჭდავ წარმატებებს იმ ვალდებულებების შესარულებლად, რაც ერთად ავიღეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“.