გიორგი გახარიამ საქართველოს სატრანსპორტო–ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრა

გიორგი გახარიამ საქართველოს სატრანსპორტო–ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრა

„ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის საჰაერო ტრანზიტის მიმართულება უდიდესი პოტენციალის მატარებელია“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სატრანზიტო ტრაფიკი დღეს საქართველოს გვერდის ავლით მიდის, უფრო მეტიც –  ქართული ტრაფიკით სხვა ჰაბებში ხვდება და სხვა სატრანზიტო მიმართულებებს ავითარებს. ამისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის განვითარება როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადაზიდვის ნაწილში. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ უკვე არსებობს პროექტი, რომელმაც სერიოზულად უნდა დაჩქაროს  ქუთაისის აეროპორტის განვითარება და შემატოს მას დამატებითი ფუნქცია ტვირთების გადაზიდვის ნაწილში“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებით, სატრანზიტო ფუნქცია ჰაერში, წყალზე და რკინიგზის საშუალებით არის ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. „ვფიქრობთ ეს სინერგიის ეფექტი კიდევ უფრო დააჩქარებს იმ ფუნქციას, რომელიც ლოგისტიკურ ჯაჭვში საქართველომ უნდა შეასრულოს“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში და ჰაბის ფუნქციის შესრულებაში ანაკლიის პორტს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გიორგი გახარიას განმარტებით,  ამ პროექტის გარეშე საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარებაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ეს ენერგიის ეფექტი არის უდიდესი ზრდის პოტენციალის მომტანი ქართული ეკონომიკისთვის.