გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას - თქვენი სტილი ეთიკის ყველანაირი წრიდან გასულია

გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას - თქვენი სტილი ეთიკის ყველანაირი წრიდან გასულია

ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსი ზეწოლას ახდენენ სასამართლოზე, აბსოლუტურ სიცრუედ მიაჩნია პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის 26 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას მისამართით გააკეთა, რომელის თქმით, სასამართლოზე ზეწოლის შესახებ სარწმუნო წყაროდან აქვს ინფორმაცია.

"საერთოდ, ბატონო ნიკა, მინდა ვთქვა, რომ თქვენი სტილი - ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა, ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. თუ ნომიმალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს "ნაციონალური მოძრაობა", სწორედ ეს არის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. როგორ მოიქცეოდა, თქვენი აზრით, არანომინალური პრემიერ-მინისტრი, საინტერესოა. ალბათ, ამის მაგალითები წარსულში არაერთი გქონიათ, სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ა.შ. თქვენ თუ ამისი მოთხოვნა გაქვთ, დღეს მინდა, გაგაწბილოთ, არ იქნება ეს საქართველოში და ამას ვერავინ ვეღარ ნახავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ თავისი გუნდის სისუფთავეში დარწმუნებულია.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უზენაესი მოსამართლეებზე ზეწოლაში დასდო ბრალი.