გიგა ბოკერიას დავალებით აკაკი ბობოხიძე და მიხეილ მაჭავარიანი რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერებს იბირებენ

გიგა ბოკერიას დავალებით აკაკი ბობოხიძე და მიხეილ მაჭავარიანი რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერებს იბირებენ

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კლანური გავლენებისთვის ბრძოლა გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა გიგა ბოკერიას  და სააკაშვილის ე.წ ფლანგს შორის. როგორც “მარშალპრესს” პარტიის წევრებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა გიგა ბოკერია ლიდერობისთვის იბრძვის და  მიხეილ სააკაშვილისთვის პარტიის ჩამოსართმევად ძალღონეს არ იშურებს.

ამისთვის კი რეგიონულ აქტივთან ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ გადმობირებას ცდილობს. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები, აკაკი ბობოხიძე და მიხეილ მაჭავარიანი გიგა ბოკერიას დავალებით საქართველოს ყველა რეგიონში ჩადიან, ხვდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს და კოორდინატორებს და პარტიული ყრილობისთვის გიგა ბოკერიას კლანის მხარდასაჭერად ამზადებენ.

ბობოხიძე და მაჭავარიანი რეგიონებში, შეხვედრაზე მისულ  ნაც.მოძრაობის მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსულს ჩაბარდა  და რეალურად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ერთადერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა.

ბოკერიას წარგზავნილი ენმ-ს ლიდერები, პარტიულ აქტივისტებს ურჩევენ ერთგულება გამოხატონ მათი ახალი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიმართ და დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კლანური დაპირისპირების თემა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი არ არის, შეგახსენებთ,  რომ მიხეილ სააკაშვილიც ანალოგიური მეთოდებით ცდილობს მისი მეტოქის, გიგა ბოკერიას ჩამოშორებას.  სწორედ ამას ადასტურებს უკრაინულ და ქართულ მედია საშუალებებში გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილისა და აკო მინაშვილის შეხვედრისა და იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა უნდა ჩაიშალოს.