„ნაცმოძრაობა“: „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს

„ნაცმოძრაობა“: „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს, - აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში, პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ საგანგებო განცხადება გააკეთეს.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მათ განუსაზღვრეს სპეციალური ვადა 30 ნოემბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს სხდომა და საბოლოოდ გადაწყდეს „რუსთავი 2“-ს საკითხი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, დიდი პალატის წევრებზე ზეწოლის პროცესში ჩართულია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგმართოთ საგანგებოდ, რადგან ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის საგანგებო და საგანგაშო. იცით, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით წინა კვირას საქმე განსახილველად დიდი პალატას გადაეცა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ზეწოლა დიდი პალატის წევრებზე. განუსაზღვრეს სპეციალურად 30 ნოემბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს სხდომა და საბოლოოდ გადაწყდეს „რუსთავი 2“-ის საკითხი. დიდი პალატის ყველა წევრზე ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა, მათ აშანტაჟებენ საკუთარი მომავლით, ოჯახების ბედით. ამ საქმეში ჩართულია და ამ საქმითაა დაკავებული იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე. ის უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ჩვენი ინფორმაციით, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი თადუმაძე და უზესანესი სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძე. ეს არის დაუშვებელი, რომ ასე დაჩქარებულად, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართოს პროცესი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, სხდომის ჩანიშვნა იგეგმება სწორედ 30-ში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს, რომ „რუსთავი 2“-ის ბედი არ არის განყენებულად ერთი ტელევიზიის ან მისი თანამშრომლების ბედი, ეს არის მთელი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული პროცესი, როგორ განვითარედება ქვეყანაში მოვლენები, ექნება თუ არა ამ ქვეყანას შანსი დემოკრატიის განვითარების თუ საბოლოოდ გაფორმდება დიქტატურა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.