„ამერიკის ხმა“ - პუტინის რეიტინგი - დასავლეთის თავსატეხი და რუსეთის სიამაყე

„ამერიკის ხმა“ - პუტინის რეიტინგი - დასავლეთის თავსატეხი და რუსეთის სიამაყე

ვაშინგტონში, უიდროუ უილსონის ცენტში რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე, მოსახლეობის მიერ მთავრობის და პირადად პუტინის აღქმებზე ისაუბრეს. 

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, ეკონომიკური კრიზისის და ცხოვრების სტანდარტის გაუარესების მიუხედავად ვლადიმერ პუტინისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა ისევ მაღალია, რაც დასავლელი ანალიტიკოსებისთვის, ხშირად, თავსატეხია. ამასთნ, რუსეთში, ლევადის ცენტრის მიერ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის ლიდერისადმი მხარდაჭერა ქვეყნის მიერ სამეზობლოში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების პარალელურად იზრდება. 

ლევადის ცენტრის დირექტორი ლევ გუდკინი ამბობს, რომ ამის მაგალითი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსიაა. ორივე კონფლიქტის შემდეგ პუტინის რეიტინგი 80%-ს გასცდა. 

„ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო განწყობის შექმნა, რომ რუსეთი არის მსხვერპლი, რომ მას ჰყავს მტრები. ამან გამოიწვია შიდა მხარდაჭერის და ერთიანობის კონსოლიდირება. მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, რომ რუსეთმა დაიწყო აღმავლობა და რომ ის ისევ დიადი სახელმწიფო „ველიკაია დერჟავა“ ხდება; რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება და რომ ამით იზრდება რუსეთისადმი პატივისცემა. ეს კი ზრდის რუსების ეროვნულ სიამაყეს. 2008 წლის ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოკითხულები ამბობდნენ, რომ რუსეთმა კბილები გამოაჩინა, რომ მას ვერაფერს გაუბედავენ. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სოციალური პროტესტის შესაძლებლობებს ამცირებს“, - განაცხადა გუდკინმა.

საშინაო პრობლემების მიუხედავად, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი და ეკონომიკის დაღმასვლა, პუტინის რეიტინგები მაინც მაღალი რჩება, რასაც რუსეთის მკვლევარი და უილსონის ცენტრის დირექტორის მოადგილე უილიამ პომერანცი, თავის მხრივ, ლიდერისადმი ერთგულებით ხსნის. მისი თქმით, პუტინი მოსახლეობის საშინაო პრობლემებიდან ყურადღების საგარეო პოლიტიკაზე გადასატანად „კრიზისის ექსპორტს“ მიმართავს.

„ყველაზე შემაშფოთებელი ამ ამბავში ის არის, რომ, როგორც ჩანს, პუტინს მსგავსი კრიზისების შექმნა სჭირდება რათა გაიმყაროს მოსახლეობის მხარდაჭერა. მთავარი კითხვაა - რას იზამს პუტინი თუ ის იგრძნობს, რომ რუსეთში მისი პოპულარობა კლებულობს, კითხვად რჩება რას იზამს პუტინი მისი მხარდამჭერების და პოპულარობის გასაზრდელად. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამისთვის პუტინს საგარეო კრიზისი სჭირდება, საგარეო კონფლიქტებით ახდენს ის მხარდამჭერთა მობილიზებას. ეს კი ძალიან სახიფათო მიდგომაა,“ - ამბობს პომერანცი.

ლევადის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ასევე აჩვენებს, რომ პუტინისადმი სიმპათია და რუსეთით, როგორც „ველიკაია დერჟავათი“ სიამაყე ვრცელდება როგორც იმათზე, ვისაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ახსოვთ, ასევე ახალგაზრდებზე, რომლებიც 90-იანი წლების სირთულეების მომსწრენი გახდნენ. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩამონათვალს შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი საქართველოა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო ამ ჩამონათვალს ლიდერობდა, მაშინ მოსახლეობის 68% საქართველოს რუსეთისადმი ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ მიიჩნევდა.