თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად გამოაცხადა

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად გამოაცხადა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად გამოაცხადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დემეტრე ეგნატაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, არჩევნები შედგა. უკვე არჩეულია 140 დელეგატი, რომელიც 1 კვირის ვადაში თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, არჩევნებში მონაწილეობა 20 635 სტუდენტიდან 2 436 სტუდენტმა მიიღო.

ეგნატაშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ სტუდენტებზე, რომლებმაც საარჩევნო უბნების პიკეტირება სცადეს. მისივე განცხადებით, დაფიქსირდა საჩივრები, რომლებიც ძირითადად აგიტაციას უკავშირდებოდა. როგორც ეგნატაშვილმა განაცხადა, დღის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე უბანი, სადაც საარჩევნო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. 

”პრინციპული საკითხი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არჩევნები შედგა და არის ლეგიტიმური. საჩივრებს რაც შეეხება, იყო აგიტაციასთან დაკავშიებით საჩივარი. 13 უბნიდან შეუფერხებლად იმუშავა ოთხმა უბანმა. ერთი მათგანი შეფერხდა მცირე ხნით. 8 უბანი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში პიკეტირებული. ეს არის წესების დარღვევა, რაზეც ალბათ შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას”, - განაცხადა ეგნატაშვილმა.