შემოწირულებებთან დაკავშირებით ჩვენებები გამოძიებისთვის მაქვს მიცემული და მას მიმართეთ

შემოწირულებებთან დაკავშირებით ჩვენებები გამოძიებისთვის მაქვს მიცემული და მას მიმართეთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, შემოწირულებებთან დაკავშირებით შესაბამისი ჩვენებები მას გამოძიებისთვის აქვს მიცემული. მან მიმართა მედიის წარმომადგენლებს, გამოძიებას მიმართონ და ისინი გასცემენ შესაბამის პასუხს.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, მას არასდროს არც ერთი პარტია არ დაუფინანსებია. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს, არც ერთი პარტია არ დამიფინანსებია. მე მგონი ამაზე საუბარი უნდა დავასრულოთ. მოსახლეობას უფრო აინტერესებს იმ გრანდიოზულ პროექტებზე ვისაუბროთ, რის განხორციელებასაც ვაპირებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს არის უზარმაზარი პროექტები - ჩქაროსნული მაგისტრალები, გვირაბები, რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა ალავიძემ.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ აკეთებს. „შესაბამისი ჩვენებები მიცემული გვაქვს გამოძიებისთვის, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. შეგიძლიათ მიმართოთ გამოძიებას და ისინი გიპასუხებენ“, - განმარტა ალავიძემ.

რაც შეეხება გამოძიებას, ალავიძის თქმით, 2013 წელს იყო ეს ყველაფერი და მის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ჩვენებებს იძლეოდა. „ეს პროცესი როგორ მიმდინარეობდა, ყველაფერი ცნობილია და მიმართეთ გამოძიებას და ისინი გიპასუხებენ“, - განაცხადა ალავიძემ.