საქართველომ ევროსკეპტიციზმის ტალღებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და ინტენსიურად იმუშაოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის

საქართველომ ევროსკეპტიციზმის ტალღებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და ინტენსიურად იმუშაოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის

ჩვენ გვმართებს, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, ევროპის პარტნიორი აღმოსავლეთთან ურთიერთობაში; ეს არის ჩვენი პოზიციონირება და მისი გაგრძელებაა ჩვენი ვალი, რათა არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე ვიფიქროთ, არამედ - იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვნად განმსაზრვრელი ფაქტორია.

როგორც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ევროსკეპტიციზმის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს ფენომენი ახალი არ არის, თუმცა საქართველო ამ ტენდენციას არ უნდა აჰყვეს.

"მას შემდეგ, რაც 1946 წელს ჩერჩილმა გამოთქვა მოსაზრება ევროპის შეერთებული შტატების შექმნის შესახებ, მეორე დღიდანვე აღინიშნებოდა ეს ფენომენი სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა ქვეყანაში. ბრიტანეთის მაგალითი რომ ავიღოთ, მაკმილანიდან მოყოლებული, კამერონის პერიოდამდე, რეფერენდუმების რამდენიმე ტალღა იყო და საბოლოოდ, მოგეხსენებათ, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ ამ ტენდენციებს. ჩვენი მიზანია, ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ საბოლოო მიზანი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარდაქმნების პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუმჯობესებს და ხდის უკეთესს, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობა და ამის შენებაში არავითარმა სკეპტიკურმა ტალღებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი ტალღები სხვადასხვა დროს იყო საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, რომლებიც ევროპის კავშირის შექმნის სათავეში იყვნენ და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნებად რჩებიან.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ საქართველომ ამგვარ ტალღებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, რადგან ის გადაივლის და ინტენსიურად უნდა იმუშაოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

"ასეთ დროს უნდა გავააქტიუროთ ორმხრივი ფორმატები, ბევრ ქვეყანასთან ევროპაში და ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. თუნდაც დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ორმხრივი კავშირი უნდა გავაძლიეროთ და ეს დადასტურდა ბრიტანელი მინისტრისთნ გუშინდელი შეხვედრისას. რამდენიმე ქვეყანასთან შესაძლოა, სტრატეგიულ ხარისხში ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. მაგალითად, ჩვენი სურვილი იქნებოდა, გერმანიასთან გვქონოდა ისეთივე სტრატეგიული ხასიათის ორმხრივი ურთიერთობა, როგორიც  დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, აშშ-სთან და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სკეპტიციზმი არის მსოფლიოში, საერთაშორისო კრიზისული პროცესებით გამოწვეული დროებითი მოვლენა და საქართველოს საქმეა, განაგრძოს არსებული დღის წესრიგი.

"ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება სხვა მიმართულებით, მათ შორის, აბრეშუმის გზის ინიციატივის მხრივ. ეს არ მოიცავს მხოლოდ ჩინეთთან ურთიერთობას, ეს არის იაპონიასთან გასააქტიურებელი ურთიერთობები, ჩინეთთან გასააქტიურებელი ურთიერთობები, ეს არის ინდოეთი, რომელიც უდიდესი პოტენციალის ქვეყანაა და საიდანაც, ორი კვირის წინ შედგა პირველი მაღალი დონის ვიზიტი - ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით, საქართველოში ჩამოვიდა იქაური მინისტრი. ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება. ისინი ერთმანეთის საპირწონე არ არის, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, ევროპის პარტნიორი აღმოსავლეთთან ურთიერთობაში. ეს არის ჩვენი პოზიციონირება და მისი გაგრძელებაა ჩვენი ვალი, რათა არა მხოლოდ შედეგზე ვიფიქროთ, არამედ იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.