მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია 81 მისამართზე დასრულდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე კიდევ 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეკეთდება. ქვიშხეთის ქ. N3-ში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ამისათვის ყოველწლიურად მილიონობით თანხებს გამოყოფს ნაძალადევის რაიონის გამგეობა. აქტიურად ვაგრძელებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პრობლემებზე მუშაობას და ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი თანხა გამოიყოფა გამგეობის ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა დავით გოგიძემ.
81 ობიექტზე სახურავების რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 045 815 ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე დაგეგმილი და უკვე დასრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება 1 178 393 ლარია.