გიორგი კვირიკაშვილი გიორგი კანდელაკს: არ გრცხვენია, ასეთი ლაპარაკი პარლამენტში?!

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი კანდელაკს: არ გრცხვენია, ასეთი ლაპარაკი პარლამენტში?!

არ გრცხვენია, ასეთი ლაპარაკი პარლამენტში?! ეს არის შენი ფანტაზიები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კანდელაკს, რომელმაც განაცხადა, რომ კვირიკაშვილის პოლიტიკური წონა ნულის ტოლია. კვირიკაშვილის განცხადებით, ის არ დაიწყებს ინსინუაციებს იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წონაა ნულის ტოლი.

”არ გაინტერესებთ პირადად თქვენზე რას ფიქრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები?! პარტნიორები?! თბილისში აკრედიტებული ელჩები რას ამბობენ?! ისინი პირადად ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სასიამოვნო მოსაუბრე ხართ, მაგრამ დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტთ და პოლიტიკურად თქვენი წონა ნულის ტოლია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისინი მიდიან ბიძინა ივანიშვილთან. მაინტერესებს ამის არ გრცხვენიათ? თქვენ პიროვნებას არ ვეხები, არ მეამაყება, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, - მიმართა კანდელაკმა კვირიკაშვილს, რასაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ უპასუხა და კანდელაკს მოუწოდა, დაესახელებინა კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ ამბობს ამას. კანდელაკმა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ვიქტორ დოლიძეს მიმართა, რომ ”ყურში ეტყოდა”.