დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა შეგვეცვალა და ნაწილობრივ გამოგვივიდა

დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა შეგვეცვალა და ნაწილობრივ გამოგვივიდა

პირადად მე და ჩემმა გუნდმა დიდი ძალისხმევა გავწიეთ რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა შეგვეცვალა და ნაწილობრივ გამოგვივიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ინციდენტებსა და ზოგადი სიტუაციის შეფასებას ეხებოდა.

ნიკა მელია დაინტერესდა გიორგი კვირიკაშვილისგან, თუ როგორ შეაფასებდა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ამასთან დეპუტატმა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს რამდენიმე მაგალითიც მოუყვანა, მათ შორის ჯიხაშკარისა და კორცხელის მოვლენები გაიხსენა.

”მაინტერესებს წინასაარჩევნო გარემოს როგორ აფასებთ? ორ კონკრეტულ შემთხვევას მოგიყვანთ - ერთი ჯიხაშკარში, როდესაც თქვენმა მხარდამჭერმა მას შემდეგ რაც დათვლილი იყო ხმები და ჩვენი კანდიდატი იგებდა, ერთი მეორეზე მიყოლებით დაარბია უბნები 10 კაცთან ერთად. შედეგად ჩაიშალა ორივე უბანზე შედეგები. განმეორებითი არჩვნების შემდეგ ზუსტად 10 დღეში თქვენ ეს ადამიანი გაათავისუფლეთ პატიმრობიდან. გათავისუფლებულია პატიმრობიდან ადამიანი, რომელმაც დაარბია საარჩევნო უბანი.

ამავე კონტექსტში შეგახსენებთ, რომ მარნეულში დღესაც დაკავებული გყავთ 5 ახალგაზრდა.

ასევე კითხვა მაქვს თქვენთან, დღეს სხდომას ის ახალგაზრდები ესწრებიან, რომლებიც დააკავეს პიჯაკის დახევისთვის. ამ თემასთან მიმართებაში კორცხელს გაგახსენებთ, სადაც კალაძის მეთაურობით „ზონდერები“ გაუსწორდნენ პოლიტიკოსებს. ეს მოძალადეები სიმბოლურად მიეცნენ პასუხისმგებლობაში. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან მიმართებაში?”- განაცხადა ნიკა მელიამ.

”რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, ის არ იყო იდეალური. წინასაარჩევნო გარემო ფასდება წარსულთან მიმართებაში და ის იყო მნიშვნელოვნად უკეთესი, ვიდრე ეს იყო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. რა თქმა უნდა, ის რაც ჯიხაშკარში მოხდა ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. აქ დაპატიმებული იყო ორი პირი. თუმცა დღეს ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი არის პატიმრობაში. რაც შეეხება მარნეულის ინციდენტს ვერანაირად ვერ შევადარებ სხვა ინციდენტებს, რადგანაც სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობა ისჯება ნებისმიერ ქვეყანაში. კორცხელს რაც შეეხება - სრულიად არაობიექტურად სდებთ ბრალს კახი კალაძეს, რომელსაც არანაირი შეხება ამ ინციდენტთან არ ქონია”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.