გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც დაისვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც დაისვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც დაისვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, თუ რატომ არ მიმდინარეობს, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლის საშუალებით ძებნა.

”გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ნებისმიერი შეხვედრის დროს, ჩვენგან მწვავედ ისმის გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი. ეს საკითხი ასევე მწვავედ ისმის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც ძალიან მწვავედ დავსვით ეს საკითხი, რომ მოხდეს სასწრაფოდ დამნაშავის გადმოცემა, იმისთვის რომ ის გასამართლებული იქნას. სამწუხაროდ, ეს შედეგი დღეს მიღწეული არაა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

რაც შეეხება ინტერპოლის მიერ დამნაშავეზე ძებნის გამოცხადების საკითხს, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის ვერ გააკეთებს კომენტარს თუ რა ვადებია საჭირო ინტერპოლით ძებნის გამოცხადებაზე.

გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.