გიორგი კვირიკაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და კრიტიკას ვერ მივიღებთ

გიორგი კვირიკაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და კრიტიკას ვერ მივიღებთ

თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და თქვენგან კრიტიკას, რომ სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში, ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრები „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ თანამშრომლობის პერსპექტივით დაინტერესდნენ. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია „პატრიოტთა ალიანსიდან“ განცხადებები, რომლებიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის დასვალურ ინტეგრაციას. სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩემგან ეს კრიტიკა არაერთხელ ყოფილა, მაგრამ თქვენგან მიკვირს ამის პრეტენზიები, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მხოლოდ დეკლარირებულად არის პროდასავლური. ყველაფერი ის, რაც თქვენი ხელისგან შეიქმნა ამ ქვეყანაში - მედიათავისუფლების აბსოლუტურად დრამატული სურათი, ადამიანის უფლებების კუთხით კატასტროფული სურათი, ქონების მართვის მაჩვენებლები, რომლითაც აბსოლუტურად ფსკერზე იყო ქვეყანა - თქვენი მხრიდან პრეტენზიები ჩვენთან მიმართებაში, რომ ჩვენ თურმე სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში, არის ძალიან გასაკვირი, რბილად რომ ვთქვათ. თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და ჩვენგან და საქართველოს მოსახლეობისგან იმსახურებთ ძალიან დამსახურებულ კრიტიკას ამ მიმართულებით, ამიტომ ვერ მივიღებ ამ კრიტიკას“, - მიმართა კვირიკაშილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.