რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ევროპაში მიმავალ დევნილებს საზღვრებს გაუხსნის „თუ ევროკავშირი ძალიან შორს წავა ”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ევროპაში მიმავალ დევნილებს საზღვრებს გაუხსნის „თუ ევროკავშირი ძალიან შორს წავა ”

თურქეთი ევროპაში მიმავალ დევნილებს საზღვრებს გაუხსნის „თუ ევროკავშირი ძალიან შორს წავა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერდეს. აღნიშნულის შესახებ იუწყება თურქული გამოცემა Hürriyet Daily News. 

„თქვენ არასოდეს ეპყრობოდით კაცობრიობას პატიოსნად და არ ზრუნავდით ხალხზე სამართლიანად. თქვენ არ აგიყვანიათ ხმელთაშუაზღვის მიერ ნაპირზე გამორიყული ბავშვები. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც თავშესაფარსა და საკვებს აძლევს დაახლოებით 3.5 მილიონ დევნილს“, - განაცხადა ერდოღანმა. 

„თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დანაპირები. როდესაც 50.000 დევნილი მოადგა კაპიკულეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თქვენ ყვიროდით და ამბობდით ”რას ვიზამთ თუ თურქეთი საზღვარს გახსნისო”. შესაბამისად, თუ ძალიან შორს წახვალთ, ეს სასაზღვრო კარები გაიღება. ეს უნდა იცოდეთ და გესმოდეთ“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. 

გუშინ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკომისიას მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები „გაყინოს“.