გიორგი კვირიკაშვილი - ყველა სიტყვა ჩემს დღევანდელ გამოსვლაში პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს და სამაჩაბლოს

გიორგი კვირიკაშვილი - ყველა სიტყვა ჩემს დღევანდელ გამოსვლაში პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს და სამაჩაბლოს

ყველა სიტყვა, რომელიც ვთქვი ჩემი გამოსვლისას, ეხებოდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს პირველ რიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია ”საქართველო პატრიოტების” სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მასთან ერთად მინისტრობის კანდიდატებს მოსუმინეს. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პირადად მას და მის კაბინეტს გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც შერიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრების განხორციელების კუთხით ეკისრება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მისი პრეზენტაციის ყველა წინადადებაში აფხაზეთი და სამაჩაბლო იგულისხმება.

”ჩვენ დღეს გაგვაჩნია ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ბერკეტი და ჩვენი ქვეყანა უნდა ვაქციოთ მიმზიდველ ქვეყნად, მათ შორის უნდა ვეცადოთ, რომ დავათბოთ ურთიერთობა. ამ ურთიერთობის დათბობას საკანონმდებლო ცვლილება დასჭირდება თუ უფრო მეტი დაახლოება ადამიანებს შორის, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც ჩვენ არ შეგვიძლია, ეს არის ის, რომ ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ფრაქციის წევრებს შესთავაზა სამუშაო ფორმატში გააცნოს ყველა ის წინადადება, რომელზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის წევრების ჩართულობით შეიმუშავა. 

”ჩვენ გვაქვს არაერთი ძალიან საინტერესო ინიციატივა, რათა აღვადგინოთ ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისკენ და არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებისკენ”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ვერ შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დგამს.

”მე მხედველობაში მაქვს ის ხელშეკრულებები, რაც ბოლო პერიოდში გაფორმდა. სამწუხაროდ, გარდა ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯებისა და გარდა ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმისა, სხვა შეიარაღება ჩვენ არ გაგვაჩნია და არც უნდა ვიხმაროთ. მომავალში არასოდეს აღარ უნდა გავივლოთ გულშიც კი, რომ რამენაირად სამხედრო ფორმებს მივმართოთ. ჩვენ მაქსიმალურად მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები. მე არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც ჩვენ აქამდე ვიმყოფებოდით”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.