ირაკლი აბესაძე - სამწუხაროდ, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, შესაძლებელია, თანამდებობის პირების გულგრილობას

ირაკლი აბესაძე - სამწუხაროდ, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, შესაძლებელია, თანამდებობის პირების გულგრილობას

სამწუხაროდ, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, შესაძლებელია, თანამდებობის პირების გულგრილი დამოკიდებულება სამსახურეობრივი მოვალეობისადმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ მცხეთაში მომხდარი ავარიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელსაც სამხედრო ექთანი ემსხვერპლა. 

ირაკლი აბესაძემ მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო და არაერთი მსგავსი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ასეთ სიტუაციებში შავდებიან და იღუპებიან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, შესაძლებელია, თანამდებობის პირების გულგრილი დამოკიდებულება სამსახურებრივი მოვალეობისადმი. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება სათანადო გამოძიება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები“, - განაცხადა აბესაძემ.

მცხეთაში ავტოავარის შედეგად სამხედრო ექთანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პიკაპის ტიპის ავტომობილის მძღოლმა მცხეთის ხიდთან საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში კიდევ ორი სამხედრო პირი იმყოფებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

მაშველებმა ავტომობილის ამოყვანა მდინარიდან უკვე მოახერხეს.

როგორც ”ინტერპესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.