ირმა ინაშვილი ზურაბ ალავიძეს - ვერ გენდობით, რადგან თქვენ ტყუილით იწყებთ კარიერას

ირმა ინაშვილი ზურაბ ალავიძეს - ვერ გენდობით, რადგან თქვენ ტყუილით იწყებთ კარიერას

ვერ გენდობით, რადგან თქვენ ტყუილით იწყებთ კარიერას სახელმწიფო თანამდებობის პირის რანგში, - ამის შესახებ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ალავიძეს მიმართა.

ინაშვილმა ზურაბ ალავიძეს ურჩია, კარიერას სიცრუით ნუ დაიწყებს, გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას.

”გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ იყავით ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემომწირველი, თქვენ ეს არ დაადასტურეთ და განაცხადეთ, რომ არც ერთი პარტია არასდროს დაგიფინანსებიათ, მაგრამ ფაქტებს ვერ გავექცევით, ზუსტი მტკიცებულება გავრცელდა მედიაში. კარგი იქნება აქ მაინც გვითხრათ, აფინანსებდით თუ არა ამ პარტიას, მაგრამ ის კი არ არის ტრაგედია, თქვენ ”ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდით თუ არა, ”ქართული ოცნების” დეპუტატებს შორისაც არიან ისეთები, რომლებიც 2012 წელს „ნაცმოძრაობას“ აფინანსებდნენ, საინტერესო სწორედ ის არის, რომ 2012 წელს კიდევ შემოწირულობას იღებთ ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, როცა მთელი საზოგადოება კონსოლიდირებულია რეჟიმის წინააღმდეგ. თქვენ ამას ცინიკურად უარყოფთ. მე გირჩევდით, რომ თუ თქვენ მინისტრობა გინდათ, ტყუილით ნუ დაიწყებთ. ჯობია, გამობრძანდეთ და თქვათ, რომ დიახ აფინანსებდით, ან გაძალებდნენ და გატერორებდნენ, ან უბრალოდ ის, რომ თქვენი არჩევანი იყო და არა ტყუილი. ამიტომ ვერ გენდობით, რადგან თქვენ ტყუილით იწყებთ კარიერას თანამდებობის პირის რანგში”, - განაცხადა ინაშვილმა.
ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები” მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას უსმენენ.