გიორგი კვირიკაშვილი - რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით

გიორგი კვირიკაშვილი - რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით

რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას განაცხადა.

”კიდევ უფრო განვამტკიცებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვამტკიცებთ ურთიერთობებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან, განვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიტერიორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებთან სამშვიდობო ამოცანების მხარდასაჭერად.

”რა თქმა უნდა, გაგრძელდება ძალიან ინტენსიური მუშაობა აფხაზეთთან და ოსეთთან შერიგების მიმართულებით და ის უამრავი პროექტი და ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ გადადგა გასული პერიოდის განმავლობაში, არა მარტო გაგრძელდება, არამედ შემდგომში უფრო მნიშვნელოვნად გაფართოვდება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სპექტრი. ჩვენი სამთავრობო გუნდი განწყობილია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში, ამაში გვჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს.

პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა მიმდინარეობს.