გიორგი შარვაშიძე - თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება

გიორგი შარვაშიძე - თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება. 
მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივ გარემოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების. 
რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში ”აუდიტორია 115”-ს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს. 

”ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა - ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს’, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა. 

მისივე ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. 

”არჩევნები ჩვეულებრივ გარემოში ჩატარდება, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღებს. კანონიდან გამომდინარე დღეს არის ბოლო ვადა არჩევნების ჩატარების და ეს ყველამ იცოდა”, - განაცხადა შარვაშიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას, რომ უკეთესი თვითმმართველობა იყოს, არსებობს შესაძლებლობა კანონში ცვლილებები შევიდეს. 
”პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება კანონმდებლობის გაუმჯობესების. უნდა მოხდეს ავტონომიის პრინციპის გაზრდა და ამაზე ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლებაც ვთანხმდებით. უნივერსიტეტს უნდა გადაეცეს ის უფლებები, რომ თავად უნივერსიტეტმა განსაზღვროს თუ როგორი მოწყობა ურჩევნია. პრივილეგირებული ჯგუფები არ იქნება, ან აღარ იქნება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ არასწორად ნაწილდება თანხები. გვესმოდა, რომ პრივილეგირებულ ჯგუფებს ქონდათ წვდომა სხვადასხვა დაფინანსებასთან, თუმცა ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველი იანვრიდან აღარ იქნება მიზნობრივი თანხების გახარჯვა ნებისმიერი ჯგუფის მიერ. შეიქმნება კომპეტენტური საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა რექტორმა. 

მისივე თქმით, უსაფრთხოების ზომები დაცულია. 

”გასულები არიან სტუდენტები. გასაგებია შემართება, თუმცა არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად. პიკეტირება რას ნიშნავს ძალიან კარგად ვიცი. რაც ხდება მეექსვე კორპუსში ეს პიკეტირებას ნამდვილად არ გავს. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, - განაცხადა შარვაშიძემ. 
რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით, შარვაშიძის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება. 

”ადმინისტრაციამ დაიწყო ამ საკითხის მოგვარება. რამდენიმე ახალგაზრდა, ვინც მეექსვე კორპუსის პიკეტირებას ახდენს ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში და კითხეთ, იქნებ რაიმე გაუმჯობესდა. დაწყებულია კვების საკითხების, სველი წერტილების მოგვარება, კეთდება Wi Fi, უფასო იქნება საბაგირო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღლივ კორპუსში გადადიან საერთო საცხოვრებლიდან”, - განაცხადა რექტორმა. 
მისივე თქმით, ეს არის პირველი პირდაპირი თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში.