ბოგოტაში მთავრობასა და „კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს“ შორის ახალი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

ბოგოტაში მთავრობასა და „კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს“ შორის ახალი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ხელი მოეწერა ახალ სამშვიდობო შეთანხმებას კოლუმბიის მთავრობასა და მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება „კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს“ (ფარკ) შორის, - იუწყება კოლუმბიური გამოცემა El Espectador.

ამჯერად ხელი მოეწერა შეთანხმების ახალ რედაქციას, რომელშიც მემარჯვენე ოპოზიციის შენიშვნებია გათვალისწინებული. შეთანხმების პირველი ვარიანტი, რომელიც ამა წლის სექტემბერს დაიდო, უარყოფილი იყო კოლუმბიის მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს კოლუმბიის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა და ფარკ-ის ლიდერმა, როდრიგო ლონდონიომ, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ტიმოშენკო.

„დღეს, მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე ხელი მოვაწერეთ ახალ სამშვიდობო შეთანხმებას და ეს საბოლოოა“, - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა. 

ახალი შეთანხმება კოლუმბიის კონგრესს რატიფიკაციისთვის გადაეცემა. 

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. კოლუმბიის პრეზიდენტს ნობელის პრემია მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება ფარკ-თან სამშვიდობო ზავის მიღწევისა და 52-წლიანი ომის დასრულებისთვის მიანიჭეს.