თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნებში დელეგატობის კანდიდატის ალისა სულამანიძის ინფორმაციით, ”აუდიტორია 115-ის” წარმომადგენლები 13:00 საათისთვის თსუ-ს პირველ კორპუსში შევარდნას და არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგატობის კანდიდატმა თვითმმართველობის არჩევნების დაწყებამდე განუცხადა.
”ამ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას ეწინააღმდეგება ”აუდიტორია 115”. ისინი ძალადობრივი და დესტრუქციული მეთოდებით ახორციელებენ მე-6 კორპუსის პიკეტირებას. 13:00 საათზე დაანონსებულია მათი შემოჭრა პირველ კორპუსში. კანდიდატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უსაფრთხოება, ამიტომ პირველ რიგში საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ უზრუნველყოს ამომრჩევლების უსაფრთხოება და ასევე უზრუნველყოს არჩევნების ისეთ გარემოში ჩატარება, სადაც არ ექნება ადგილი ექსცესებს. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, რომ აღკვეთოს მათ მიერ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები”, - განაცხადა სულამანიძემ.
”აუდიტორია 115” თვითმმართველობის არჩევნებს 13:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში აქციით გააპროტესტებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელმა გიორგი ჯავახაძემ განუცხადა, მანამდე აუდიტორიის წარმომადგენლები კვლავ რჩებიან თსუ-ს მე-6 კორპუსში და მის პიკეტირებას განაგრძობენ.
„აუდიტორია 115” -ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტები ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას არ შეეგუებიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამიტომ დაიკავეს.