ყოველთვის არის რაიმე არჩევნები საქართველოში, როცა უკმაყოფილო ხალხი აუცილებლად ფიგურირებს და ალბათ თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ განუცხადა.
ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. „სტუდენტების ჩართულობა და ინტერესი ძალიან მაღალია ამ არჩევნების მიმართ. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. თუმცა ყოველთვის არის რაიმე არჩევნები საქართველოში, როცა უკმაყოფილო ხალხი აუცილებლად ფიგურირებს და ალბათ ეს არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უნივერსიტეტის 20 615 სტუდენტი 25 ნოემბერს სტუდენტურ თვითმმართველობის წევრებს აირჩევს. ამ მომენტისათვის თსუ-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი 174-მა კანდიდატმა შეიტანა. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე სტუდენტები თვითმმართველობაში 20-20 დელეგატს აირჩევენ. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება. თსუ-ს სასწავლო კორპუსებში სულ 13 საარჩევნო უბანი იქნება განთავსებული. კენჭისყრის პროცესი 25 ნოემბერს, 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.