თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს. 

თსუ-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი 174-მა კანდიდატმა შეიტანა. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე სტუდენტები თვითმმართველობაში 20-20 დელეგატს აირჩევენ. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება. 

დემეტრე ეგნატაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში მონაწილეობენ, მოუწოდა არჩევნებზე თავიანთი დამკვირვებლები გააგზავნონ. კერძოდ, მან მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ ამ პროცესში. 

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, თსუ-ს სასწავლო კორპუსებში სულ 13 საარჩევნო უბანი იქნება განთავსებული. კენჭისყრის პროცესი 25 ნოემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. ეგნატაშვილის განცხადებით, თსუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეეცდება არჩევნების შედეგები უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს. 

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წელს უნივერსიტეტში სტუდენტებმა 120 წევრისაგან შემდგარი თვითმმართველობის ორგანო აირჩიეს, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი შემდგომ შეიქმნა, შესაბამისად, ამჟამად უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტურ თვითმმართველობაში 20-ით მეტ დელეგატს აირჩევენ.