სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრების მოთხოვნები გაუგებარია.
როგორც ბახვა კვირიკაშვილმა 2030.news-ს განუცხადა, „აუდიტორია 115“-ის წევრების მიზანია საზოგადოებაში აქტიური სტატუსის ქონა და რაიმე სერიოზულ შედეგზე ორიენტირებული ადამიანების შთაბეჭდილებას არ ტოვებენ.
„აუდიტორია 115“-ის წევრებს უბრალოდ უნდათ ყოველთვის რაღაც აპროტესტონ, ის რაღაც, რომელიც რეალურად თვითონაც არ იციან რა არის. ითხოვდნენ პირდაპირ საარჩევნო წესს, არის პირდაპირი საარჩევნო წესი, ითხოვდნენ დაფინანსების სისტემის შეცვლას და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სულ მალე მიიღებს იმ წესს, რომელიც სამუშაო ჯგუფის რეჟიმში დაწესდა. რეალურად ამ ადამიანების მოთხოვნები უკვე აღარ რჩება და მოთხოვნები არის მხოლოდ ის, რომ უნდათ ხან ერთ კორპუსში ღამის გათევა, ხან მეორე კორპუსში. ეს უკვე მარაზმია, რომელსაც უნივერსიტეტი არ უნდა შეეგუოს“, - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 25 ნოემბერს უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და არ არის გამორიცხული, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა არჩევნების ჩაშლა სცადონ.
"აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არიან შეჭრილები და აცხადებენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე უნივერსიტეტის შენობის დაცლას არ აპირებენ.
"ჩვენი მოთხოვნები მარტის მოვლენების შემდეგ არ შესრულებულა, ამიტომაც ჩვენ ისევ დავიკავეთ მეექვსე კორპუსი. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს არ უნდა არსებობს", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა ნათია ხარშილაძემ.