მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან განახლდება

მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან განახლდება

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან განახლდება.

ხვალ, ქუთაისის სასახლეში, მინისტრობის კანდიდატები თავდაპირველად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს“ შეხვდებიან, შემდეგ კი, მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის და მთავრობის შემადგენლობის განხილვა დღეს პარლამენტის კომიტეტებში გაიმართა.