ირაკლი სესიაშვილი კოლეგებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომისთვის მომზადების წინადადებით მიმართავს

ირაკლი სესიაშვილი კოლეგებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომისთვის მომზადების წინადადებით მიმართავს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომისთვის მომზადების წინადადებით მიმართავს, რომლის საგაზაფხულო სესია 2017 წელს, თბილისში ჩატარდება.

სესიაშვილი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით გამოვიდა და დეპუტატებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიისთვის დეკლარაციის მომზადება შესთავაზა.

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის საქართველოში ჩატარება არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. აქამდე ასამბლეის სხდომა მხოლოდ ოთხ არაწევრ ქვეყნაშია ჩატარებული. ამ მხრივ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება არის გამორჩეული მოვლენა. მინდა, განსაკუთრებულად მოვემზადოთ. პარლამენტში, მთავრობასთან ერთად, შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც სესიის მომზადებაზე მუშაობს. სავარაუდოდ, მინიმუმ 700 სტუმარი გვეყოლება. მინდა, ახალი პარლამენტი, მისი წევრები და ადმინისტრაცია მაქსიმალურად ჩაერთოს ამ პროცესში. გაიმართა რამდენიმე საორგანიზაციო შეხვედრა, თუმცა ამ შემთხვევაში, მინდა უფრო მეტად მოვახდინო ჩვენი პოლიტიკური ინტერესების მობილიზება. მინდა ვთხოვო პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ფრაქციების ხელმძღვანელებს შევჯერდეთ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, რეზოლუციები საშემოდგომო სესიაზე მიიღება, ჩვენ შეგვიძლია საგაზაფხულო სესიისთვის დეკლარაცია მოვამზადოთ. ჩვენ გვყავს პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები და ისინი, რა თქმა უნდა, გვერდში დაგვიდგებიან. მინდა გამოვიდე წინადადებით და მივმართო ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას, შევიკრიბოთ, სამუშაო ჯგუფი ჩამოვაყალიბოთ. კარგი იქნება თუკი ვიმუშავებთ არა მხოლოდ დეკლარაციის პროექტზე, ასევე სხვადასხვა საკითხებზე - რა ფორმით, როგორ უფრო გავალამაზოთ ეს სესია, რაც რა თქმა უნდა, ნამდვილად წაადგება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის გზას“, - განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ ის ოთხი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ იყო და სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდა, არც თუ ისე ცოტა ხანში, ნატოს წევრი გახდა.