როცა მე წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

როცა მე წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

ახლა "ოცნების" მინისტრების კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ ისევ „ნაციონალები“ ხართ, - ამის მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ელენე ხოშტარიას.

დეპუტატმა თეა წულუკიანის „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ეს საქმე არ აინტერესებს.

ელენე ხოშტარიამ თეა წულუკიანი სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩარევაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ელენე ხოშტარიას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას დაატოვებინებდა..

„უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ეკა, ეს ხულიგნობის მხოლოდ დასაწყისია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გწყინთ ის, რომ ვეღარ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების სისტემას, ეს დიდი ტკივილია თქვენთვის.  მე მესმის, რომ დღეს თქვენ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და ხართ დაზაფრულები. კიდევ ბევრი მიზეზი გაქვთ იყოთ დაზაფრულები და ახლა "ოცნების" მინისტრების კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ ისევ "ნაციონალები" ხართ. ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი”, - განაცხადა წულუკიანმა.