თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია. 

აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა - დამოუკიდებელი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სახელით ემზარ კვიციანი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ირაკლი აბესაძე.

კენჭისყრაზე აბესაძეს კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი და მას აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მხოლოდ 1 ხმა დააკლდა, რადგან არჩევისთვის საკმარისი კვორუმი 9 დეპუტატის მხარდაჭერა იყო.

ემზარ კვიციანს კი მხარი კომიტეტის 5-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, ასევე კობა ნარჩემაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე. 

როგორც კენჭისყრის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების 12 თანამდებობაზე მხარდაჭერილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები, ხოლო 3-ზე ის დეპუტატები, რომლებსაც „პატრიოტთა ალიანსი“ წარადგენს.

სესიაშვილის თქმით, დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ პოლიტიკურ შეთანხმებას იმის მიუხედავად, ვის ვინ მოსწონს და ვინ არა. 

თავის მხრივ, როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. 

კენჭისყრის პროცესს წინ უძღოდა კამათი კომიტეტის წევრებს შორის. ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს თავდაცვის კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარდგენით საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის 3 თანამდებობა უკვე დაკავებულია. 11 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი არჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ერთადერთი კომიტეტი, სადაც ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილე დღემდე არ არჩეულა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტია.