მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესი კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა, რასაც მივესალმებით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა,არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მინისტრთა ახალ კაბინეტში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება აქვთ და მათ ანგარიშზე არაერთი წარმატებაა. ვიხილეთ აგრეთვე ერთგვარი განახლება, განსაკუთრებით - ეკონომიკური მიმართულებით. მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრებს, რომლებმაც კაბინეტი დატოვეს და წარმატებები ვუსურვო სამთავრობო გუნდს. ვფიქრობ, ეს არის ღირსეული შემადგენლობა, გამოცდილებისა და ახალი ენერგიის ერთგვარი ნაზავი, რომელიც შეძლებს, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები და პროცედურები კვირის ბოლომდე დამთავრდეს.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არცერთ დღეს და არცერთ საათს არ დავკარგავდით, ვინაიდან ჩვენ 4 წელიწადი გვაქვს და სწრაფი განვითარებისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ვადების გასვლას არ დაველოდებით, რადგან კანდიდატურებზე შეთანხმება არსებობს და გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც კი კენჭისყრა დასრულდება, მთავრობას მეორე დღესვე ექნება საშუალება, საქმიანობას შეუდგეს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები ჩატარდება და ეს კონსულტაციები მათ შორის, პრეზიდენტთან გაიმართება.
„შემთხვევითი არ არის, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კონსტიტუციონალისტი და სამართლის დოქტორია. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს ჩართული იყო როგორც აკადემიურ საქმიანობაში, ასევე კანონშემოქმედებით პროცესში და კონსტიტუციის დღევანდელ მოცემულობასთან დაკავშირებით მას ძალიან ზუსტი ხედვა აქვს. დამიჯერეთ, ამ პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოთიშვას არავინ არ აპირებს. პროცესიდან გამოთიშული არ იქნება არცერთი კვალიფიციური, დაინტერესებული მხარე. ჩვენთვის მთავარია, პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები დაკმაყოფილდეს. ის ფორმატი კი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით, ამის საშუალებას მოგვცემს “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.