"ვეცდებით, კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ამ კვირაში დავასრულოთ. თემატურად კომიტეტების მიხედვით უკვე გვაქვს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ეს კონსულტაციები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს, ნოდარ ხადურს, ნოდარ ჯავახიშვილს და წარმატებები უსურვა მათ პოზიციებზე დასახელებულ ახალ კანდიდატურებს.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა შეასრულებს იმ პროგრამებს და პრიორიტეტებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" მიზნად დასახული აქვს.
"ერთის მხრივ, საკანონმდებლო ჩარჩოს მხრივ, პარლამენტი ხელს შეუწყობს მთავრობას, რომ სწრაფი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი. მეორეს მხრივ, ჩვენ როგორც პარლამენტის წევრები, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მთავრობის საქმიანობას ჰქონდეს ჯეროვანი მონიტორინგი და შედეგების შესრულებაზე განხორციელდეს საპარლამენტო კონტროლი", - განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის ევროკავშირის სტრუქტურა.
"დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს გუნდთან იმ მიზნების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. ის სრულად იზიარებს პროგრამულ პრიორიტეტებს და მიზნებს, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს განვითარების ამ ეტაპზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები წარადგინა, სადაც ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და ილია ელოშვილი აღარ არიან.
მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და დავით ბაქრაძე. ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე, დავით ბაქრაძეს კი, რომელიც აშშ-ში ელჩად დაინიშნა, ვიქტორ დოლიძე, ილია ელოშვილს კი -კახი კალაძე.