ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებზე კომენტირებისას პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეეცდება შეამციროს ის ზიანი, რომელიც საზოგადოებას ”ასეთი მთავრობის პირობებში” მიადგება.
”ის გუნდი და ის კანდიდატები, რაც ჩვენ დღეს ”ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინა მეტყველებს იმაზე, რომ ”ქართული ოცნება” არის კმაყოფილი იმ ოთხი წლით როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მათი თქმით, არ არსებობს აუცილებელობა, რომ შეიცვალოს პოლიტიკა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით, ისინი არიან კმაყოფილები ლარის მდგომარეობით, მათ არ ესმით და არ გაუაზრებიათ რამხელა ტვირთად დააწვა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება. მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკაში. მათ არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია კრიმინოგენური ვითარებით, მათ არ ესმით თუ როგორი გამოწვევაა სიღარაკე და უმუშევრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე შემადგენლობით ხელისუფლებამ დაანონსა იგივე პოლიტიკის გატარება - პოლიტიკის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და საუბრობს, რომ ყველაფერი კარგადაა და საზოგადოების ბრალია თუ ისინი კარგად ვერ ცხოვრობენ და რომ არიან უმუშევრები.
ამ ვითარებაში ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება - 4 წლის განმავლობაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევამციროთ ზიანი, რომელიც საზოგადოებას მიადგება ასეთი მთავრობის მიერ”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ახალი სახე იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს.