გია ხუხაშვილი:   მივცეთ მინისტრებს 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები

გია ხუხაშვილი: მივცეთ მინისტრებს 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები

ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შეფასებისას განუცხადა.

ხუხაშვილმა ეკონომიკური გუნდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადანაცვლება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ეს უფრო მისი სფეროა, ვიდრე ეკონომიკა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გახარიამ თავი აჩვენა, როგორც საკმაოდ კარგი კომუნიკატორი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ანუ პოტენციურ ინვესტორსა და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის, რაც საინტერესო პოტენციალს აჩენს.

გია ხუხაშვილი ეკონომიკურ გუნდში გადაადგილებებს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა ჯერ რამეზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

”მოდით, მივცეთ ამ ადამიანებს 100 დღე, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. ფაქტია, რომ ის ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელიც დეკლარირებულია, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ძალიან დაიმედებული ვიყოთ. მე ვფიქრობ, უფრო რადიკალური და მასშტაბური ნაბიჯები აქვს ეკონომიკურ გუნდს გადასადგმელი, რომ მთავარ გამოწვევებს უპასუხოს. თავად კადრებთან მიმართებაში პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება მოხდა. მთავარი კითხვა არის სხვა, სახელებს და გვარებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას და მესამე მხარე არ აპელირებს. ეს არის ცენტრი, ვისთანაც პრეტენზია უნდა გვქონდეს, ან ვინც უნდა შევაქოთ. მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობით ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ზოგადად, მთლიანი მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი შესაძლებელია.

”გაუგებარი იყო ჩემთვის კახა კალაძის მოძრაობები, რატომ წავიდა და დაბრუნდა ვერ გავიგე. გარდა ამისა არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ძალოვან მინისტრებს, არავისთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქაც რომ მომხდარიყო კარგი იქნებოდა, რადგან კვირიკაშვილის მიმართ გაჩენილიყო განცდა, რომ ის არის მთავარი მენეჯერი. ვნახოთ, ძალიან კრიტიკული არ ვიქნები, მივცეთ 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები”, - აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილია წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერობის, ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე - კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე - დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე - სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე - ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე - მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი პოსტზე - ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრის პოსტზე - თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე - კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე - გიგლა აგულაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ქეთევან ციხელაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.